ისტორია

ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები.

No comments:

Post a Comment